სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება.
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობენ. მოკლული ჩვილის ნათესავები ბრალდებულის დედას ადანაშაულებენ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია შვილის გეგმაზე.
მოკლული ჩვილის მამის ნათესავებმა საქართველოს პირველ არხს ის მოკლე ტექსტური შეტყობინება აჩვენეს, რომელიც ბრალდებულს მკვლელობის დღეს დედამ მიწერა. არასრულწლოვანის დედა გულო კილაძე კი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მან არაფერი იცოდა.
პროცესის დაწყების წინ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.