"შსს, დაიწყე "ბოდიშით!" - აქცია გორის რაიონულ სასამართლოსთან

“შსს, დაიწყე “ბოდიშით!” – ამ სახელწოდების აქცია გორის რაიონულ სასამართლოსთან, რადიო “მოზაიკას” დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფება ზაზა სარალიძეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო დოლუაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის გვანცა დოლუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ქუჩაში გაკეთებული წარწერის “მკვლელი ქუჩაშია” გამო, ითხოვს და საქმის წარმოება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა და არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

დოლუაშვილი მის მიმართ წარმოებულ საქმეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.