წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 141 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახურული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი და ფიტნეს კლუბი.
განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს 1200-ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებსა და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს.
Radisson Collection-ის სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.
სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე „თიბისი ბანკი“. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
სასტუმროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დღეს წინანდლის მამულში ხელი მოეწერა ასევე მემორანდუმს, საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად.