უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული „რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაცია რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კანონის მიზანია უკრაინაში აიკრძალოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, ასევე აიკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, რაც უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას ნიშნავს. უკრაინამ რომის სტატუტს 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე რატიფიცირებული არ ჰქონდა.