ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

ყაზბეგში უამინდობაა.

ამ წუთებში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, გვიან ღამით უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გერგეთშიც კოტეჯების მიმდებარედ. პროცესს მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლება უწევს. სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებიც ჩავიდნენ და მიმდინარეობს ღვარცოფული მასისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. „17 აგვისტოს დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისთვის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.