რუსეთის ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქი პოლტავა დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი, 180-ზე მეტი კი დაშავებულია. ზელენსკის თქმით, ორი ბალისტიკური რაკეტით დარტყმა სასწავლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირგაბმულობის ინსტიტუტი, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო განგაშსა და რუსეთის დარტყმას შორის დროის იმდენად მცირე მონაკვეთი იყო, რომ რაკეტები მაშინ აფეთქდა, როდესაც მოქალაქეები თავშესაფრებში ჩადიოდნენ. იერიშის გამო, პოლტავის ოლქში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.