აზერბაიჯანი ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ იუწყება, სომხეთი კი ბაქოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად მიჩნეულ სომეხ სამხედროებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ და პირიქით, მათ საბრძოლო პოზიციები შექმნეს და ბოლო დღეებში ტერორისტული პროვოკაციები და დივერსიული მოქმედებები განახორციელეს იმ პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან სამოქალაქო სამსახურს ახორციელებდნენ. ბაქოში ამბობენ, რომ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სოფელ სურში სომხების თავდასხმას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჰადრუთის დასახლებასთან ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. ბაქოში ამბობენ, რომ ვითარების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძულებული გახდა ამ ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაეტარებინა. თავის მხრივ, ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ძალები აგრძელებენ პროვოკაციებს დასახლებული პუნქტების, მეცშენის და ხინშენის მიმართულებით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედებები კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის გაუფასურებას ისახავს მიზნად. ოფიციალური ერევანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფს რეაგირებისკენ მოუწოდებს.