სოფელ ბუკნარში, მუსლიმი თემის სამლოცველოს ფუნქციონირების გაგრძელების საკითხზე, მორიგი შეხვედრა ქრისტიანი და მუსლიმი თემების წარმომადგენლებს შორის ხვალაც გაიმართება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის მერიაში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მუფთი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან გამოვიდნენ, რომლებიც შენობასთან დილიდან იყვნენ შეკრებილები. სწორედ მათი მოთხოვნაა მხარეებს შორის შეხვედრის ხელმეორედ გამართვა და შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი გარანტიების მიღება.