შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

რიგით მეორე შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მუსლიმი თემის წარმომადგენელს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რელიგიის საააგენტოს შორის უშედეგოდ დასრულდა. სააგენტოს თავმჯდომარე სახლის მეპატრონეს, რომელიც ბოლო პერიოდში სამლოცველოდ არის გამოყენებული, რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობდა. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე დესტრუქციულ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობს და პასუხისმგებლობას შესაძლო შედეგზე სრულად აკისრებს მუსლიმი თემის წარმომადგენელს.

საქმე ეხება სოფელ ადიგენში არსებულ სახლს, სადაც მუსლიმური სამლოცველოს გახსნას ადგილობრივი ქრისტიანები აპროტესტებენ, არგუმენტით რომ ადგილზე მუსლიმი თემი არ ცხოვრობს. ვაშაყმაძის განმარტებით, სახლის მეპატრონე მერაბ მიქელაძე და მისი თანამოაზრეები არ ექვემდებარებიან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.