ვითარება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ზოლზე კონტროლი გამკაცრდა.

სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები დღესაც გამოჩნდნენ. ხურვალეთის და ოკუპირებული ძუკაანთკარის დამაკავშირებელ ტერიტორიას არაღიარებული რეჟიმი დღეიდან ახალი ხელოვნური ბარიერით გააკონტროლებს.  სამდღიანი სამუშაოების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე სათვალთვალო საგუშაგო მოაწყვეს.

ცხინვალთან დამაკავშირებელი ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის ფონზე, ოფიციალური თბილისი ახალი კოშკურის განთავსებას ადგილობრივებზე ზეწოლის გაძლიერებად და გადაადგილების უფლების შეზღუდვად აფასებს. საგუშაგოს დამონტაჟების ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტებები ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მოითხოვეს, თუმცა კითხვები უპასუხოდ დარჩა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლის რიტორიკა დღესაც უცვლელი იყო.