პანკისის ხეობაში ხუთმეგავატიანი ჰესის აშენების საკითხი ეჭვქვეშ დგება.
სოფელ ჯოყოლოში გამართული დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელისუფლებასთან და ინვესტორთან შეთანხმების მიღწევას გამორიცხავენ.
შეკრებაზე მისულმა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რის გამოც ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობაში არსებული ამ განწყობის მიუხედავად, სამშენებლო კომპანია დიალოგის რესურსს მაინც ხედავს. ადგილობრივებს ჰესის აშენებით მოსალოდნელ სარგებელს კიდევ ერთხელ ახსენებს ეკონომიკის სამინისტროც.
რაც შეეხება პანკისში კვირას მომხდარ შეტაკებას, სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ამ დრომდე ისევ არავინ არის დაკავებული.