„შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო“- ეს განცხადება, რომელიც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე გააკეთა პოლიტიკურ წრეებში განსჯის საგანი გახდა. განცხადებას გაუგებარს უწოდებს მმართველი პარტია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარის განცხადებები ოპოზიციის ნაწილის ნარატივს ემთხვევა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს. ოპოზიცია კი მმართველ პარტიას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების შეურაცხყოფაში სდებს ბრალს და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟში ადანაშაულებს. ოპოზიციის მისამართით იგივე ბრალდებას აჟღერებს „ქართული ოცნებაც“, სადაც განმარტავენ, რომ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა ამ ეტაპზე არ იგეგმება.