დეპუტატების მწვავე კითხვების მოსმენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოუხდა. პარლამენტში დღეს შოთა გეწაძე მივიდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ კრიტიკულობით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც გამოირჩეოდნენ. კანდიდატს დღეს რამდენჯერმე შეახსენეს 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სწორედ ამ წელს დაიწყო გეწაძის სამოსამართლეო კარიერა.
მოსამართლე, რომელსაც რვა წლის წინ ,,ქართული ოცნების” წევრები მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ, მაშინდელ გადაწყვეტილებას ახლაც კანონიერად მიიჩნევს და პოზიციას იმ დროს მოქმედი კანონით ამყარებს. თუმცა არ უარყოფს, რომ მაშინ სასამართლოში ზეწოლის და ავტორიტარიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა. დეპუტატები ლევან მურუსიძესა და მის გახმაურებულ გადაწყვეტილებებზე კანდიდატის შეხედულებითაც დაინტერესდნენ.