დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა ზელენსკის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ცნობებს კვირის განმავლობაში გაასაჯაროებს. „პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა კი მისალოცი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება.