დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. გუშინ კი უკრაინის ეროვნული დროში დღეს აღნიშნავდნენ, რასაც თბილისშიც გამოეხმაურნენ. 32-მეტრიანი დროშა მშვიდობის ხიდზე გაიშალა. საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა ხიდზე მსვლელობა მოაწყვეს და უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. აქცია “ქართულ-უკრაინული პლატფორმისა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა. დღეს კი შევჩენკოს ძეგლთან უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება, დაგეგმილია სიმბოლური შეკრება პარლამენტთანაც. უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ულოცავს.
„ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ვიდეომიმართვა სუმის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.