მამაკაცი, რომელსაც ტყიბულის ერთ-ერთ კერძო შახტში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე აფერხებდა. ადგილზე მობილიზებული იყო ტყიბულისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები, ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. კომპანია „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობს.