თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. რაც შეეხება დაშავებულებს, ხუთი მათგანი სამედიცინო ცენტრებიდან უკვე გაწერეს, დანარჩენები კი მკურნალობის კურსს გადიან.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაგედია შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან ხანძარი ავტობუსის სალონში გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.