თურქეთმა სირიის აფრინის რეგიონში ქურთების პოზიციები არტილერიით დაბომბა
სირიის აფრინის რეგიონში თურქეთმა ქურთების პოზიციები არტილერიით დაბომბა. ქურთული სააგენტო Firat-ის ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა „ქურთების თავდაცვითი ძალების“ თავდაცვის ხაზი ორი სოფლის მახლობლად, რამდენიმე სოფელი და ქალაქი ტელ-რაფაატი.
ქურთული გამოცემები წერენ, რომ თურქეთის არტილერიის სამიზნე გახდა კობანისა და ელ-მალიკის რეგიონებიც. ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ თურქეთი ღიად აცხადებს სამხედრო ოპერაციის ჩატარების სურვილს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთს მოუწოდებს, არ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია აფრინში სირიელი ქურთების წინააღმდეგ და ნაცვლად ამისა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირდეს.
თურქეთი აშშ-ის მიერ ქურთების შეიარაღებასა და სირიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნის გეგმას აპროტესტებს.