თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

ოფიციალური ანკარა ბარიერს აღარ წარმოადგენს. თურქეთის პარლამენტმა ალიანსის რიგებში კიდევ ერთი ქვეყნის მიღებას მხარი დაუჭირა. ახლა იმავე გადაწყვეტილებას უნგრეთისგან ელოდებიან. სწორედ უნგრეთი რჩება ნატოს ერთადერთ ქვეყნად, რომლის საკანონმდებლო ორგანოში შვედეთის საკითხზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა. დიდი ალბათობით პროცესი უახლოეს მომავალში ჩაინიშნება. საკითხს ვიქტორ ორბანისგან მხარდაჭერა აქვს, რაც ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ გაკეთებული დღევანდელი განცხადებითაც დადასტურდა. ფინეთის შემდეგ შვედეთი იქნება მეორე ქვეყანა, რომლის ნატოში გაწევრიანება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ დააჩქარა.