შემზარავი ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.
პირველი გასროლის ხმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საავადმყოფოებთან ახლოს მდებარე ხუთსართულიან კორპუსში დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გაისმა. ხმაურზე გარეთ გასული მეზობლები დამნაშავის სამიზნეები აღმოჩნდნენ. საკუთარი ბინის აივნიდან ყოფილი სამხედრო ისროდა ყველას მიმართულებით. მისმა ტყვიამ იმსხვერპლა ადგილზე მისული ის პოლიციელიც, რომელიც ეზოში მყოფი ადამიანების გადარჩენას ცდილობდა. სიკვდილს შემთხვევებით გადაურჩა ამავე კორპუსის კიდევ რამდენიმე ბინადარი. ადგილზე სპეცრაზმის მისვლა გახდა საჭირო. სპეციალური დანიშნულების რაზმს ყოფილი სამხედრო გარდაცვლილი დახვდა. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული ძალებიდან ორი წლის წინ წასულ ყოფილ სამხედროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.