საქართველოს მოქალაქეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან. თურქეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაკავებული 11 პირიდან ერთს, სავარაუდოდ, საქართველოს პასპორტი აქვს. მისი ვინაობა ამ ეტაპზე მხოლოდ ინიაციალებით არის ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, ის იზმირის უნივერსიტეტში სწავლობდა.
დანარჩენი ბრალდებულები სირიის მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქესთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა.
სპეცოპერაციის შედეგად აყვანილ პირებს ამ დროისთვის, სავარაუდოდ, კითხავენ. სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.
სპეცოპერაციის დეტალები განხილვის მთავარი თემაა თურქულ მედიაში. დაკავებულებზე საუბრის დროს დღეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ 2017 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციაც ახსენა.