ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, ღაზის სამხრეთით მდებარე საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სამხედროების თქმით, შემთხვევა ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში მოხდა. დაზვერვის ცნობით, სწორედ ამ საავადმყოფოში ჰყავდა „ჰამასს“ ისრაელელი მძევლები.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის მონაწილე, „ჰამასის“ სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელმაც მძევლები ღაზის სექტორში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა „ბიბისის“ განუცხადა, სიტუაცია კლინიკის შიგნით კატასტროფული და ძალიან საშიში იყო. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა აფეთქების ხმაც. ნასერის საავადმყოფო ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლებიც ღაზის სექტორში ფუნქციონირებს.