ანდრეი ბაბიში – ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი ჩეხეთისთვის სრულიად მიუღებელია, ჩვენი დაფინანსების 7.5 მილიარდი კრონით შემცირებას აპირებენ, რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროკავშირის ბიუჯეტიდან

01:19, 23.11.2026

ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

ბაბიშმა გააკრიტიკა ჩეხეთისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება, ასევე ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებული ხარჯები და უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხები.

2028-2034 წლების ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებული ჩარჩო შაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ წარადგინა. დოკუმენტი ევროკომისიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ გეგმასთან შედარებით 204 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს.

ზოგიერთი ქვეყანა თავდაპირველ გეგმას ზედმეტად დიდ ფინანსურ ტვირთად მიიჩნევს. ანდრეი ბაბიში ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ხარჯებსა და ჩეხეთისთვის დაფინანსების შემცირებას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ შეთავაზებული წინადადება ბიუჯეტის 32 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს, რაც მისთვის სრულიად მიუღებელია.

ირლანდიის თავმჯდომარეობამ, რომელსაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ახსენებს, ბიუჯეტის საკუთარი წინადადება ჯერ კიდევ ოქტომბერში წარადგინა, ხოლო შაბათს წარმოდგენილი წინადადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ეკუთვნის.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩეხეთის ფინანსური შენატანი ევროკავშირის ბიუჯეტში სულ უფრო იზრდება.

„ახლა კი, ირლანდიის თავმჯდომარეობის წინადადების ფარგლებში, ჩვენი დაფინანსების 7.5 მილიარდი ჩეხური კრონით შემცირებასაც აპირებენ“, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბაბიშმა ასევე გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ევროპული სტრუქტურების ფუნქციონირება შვიდი წლის განმავლობაში 100 მილიარდი ევრო დაჯდება. გარდა ამისა, ის ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდი ევროს გამოყოფის წინააღმდეგია.

„რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროკავშირის ბიუჯეტიდან? უკრაინამ დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ მაცინკა ბაბიშის შეფასებებს იზიარებს. მისი აზრით, ჩეხეთის პოზიცია ბიუჯეტის საბოლოო სახეზე დადებით გავლენას მოახდენს.

„უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ დისკუსია, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი და აქტუალურია, თუმცა ეს სხვა საკითხია და ევროკავშირის ბიუჯეტზე მსჯელობისგან განცალკევებით უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა მაცინკამ.

მსგავსი