დონალდ ტრამპი – აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება თუ ვერ შედგება, ახალი წლის შემდეგ სავარაუდოდ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანებას გავცემ
აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება თუ ვერ შედგება, ახალი წლის შემდეგ სავარაუდოდ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანებას გავცემ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა და აღნიშნა, რომ თეირანთან მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელი მომლაპარაკებლები დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნების შემდეგ ისინი დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებენ.
„ისინი ახლა უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე არჩევნებამდე“, – განაცხადა ტრამპმა და ირანელ ოფიციალურ პირებს „პროფესიონალი სტეპის მოცეკვავეები“ უწოდა, რომლებიც ბევრი ლაპარაკითა და მანევრირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და პირდაპირ პასუხებს ოსტატურად გაურბიან.
„ისინი სულ ლაპარაკობენ, სხვა არაფერს აკეთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მედია აღნიშნავს, რომ ტრამპის ეს განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც აშშ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, ჰორმუზის სრუტეში კი უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მიმდინარეობს. ამასთან, ტრამპმა ივარაუდა, რომ ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის საპასუხო დარტყმები გაგრძელდება.
ტრამპმა ასევე გამოწვევის სახით ირანულ ძალებს შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის გამოცდისკენ მოუწოდა.
„იმედი მაქვს, რომ შეეცდებიან. ყველანი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან, ისევე, როგორც მათი ფლოტის დანარჩენი ნაწილი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ირანული ძალების მიერ ბლოკადის გამოცდის შესაძლო მცდელობაზე საუბრისას.
ამასობაში, ირანის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები კვლავ განახლდა. ქვეყანაში პროტესტის განახლების შესახებ დასმულ კითხვაზე ტრამპმა დემონსტრანტებს პირდაპირ მიმართა: „განაგრძეთ პროტესტი“.