ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის მიერ კიევის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ათი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

02:05, 23.11.2026

რუსეთის მიერ კიევის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიმერში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ბავშვის გამოყვანა შეძლეს, ათი ადამიანის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

„შენობას რუსული „შაჰედი“ მოხვდა. ფაქტობრივად, მთელი სადარბაზო აფეთქდა. სამაშველო სამუშაოებს მუდმივად გამოცხადებული ახალი საჰაერო განგაშები და ახალი საფრთხეები აფერხებს. ადგილზე საკმარისი ძალებია მობილიზებული და მაშველებს საჭირო საშუალებებიც აქვთ. სამაშველო სამუშაოებში 130-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დიმერში ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაკარგული ადამიანის ადგილსამყოფელი არ დადგინდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში იერიში კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეზეც განხორციელდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამიზნე ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზია იყო.

„რუსეთის მუდმივი ტერორი. ამ ნაძირლების მხრიდან მუდმივი ძალადობა. მთელი ამ ტერორისთვის კი ისინი ჩვენს სრულიად დამსახურებულ საპასუხო დარტყმებს მიიღებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე განცხადებით, მომავალი კვირა უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნაყოფიერი უნდა იყოს.

„დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრები პარტნიორებთან. ვემზადებით იმისთვის, რომ პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ დონეზე გადავიყვანოთ. ჩვენს მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დაგეგმილი, რათა ამ რუსული ომის მიუხედავად, უკრაინამ შეძლოს ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევა და შეთანხმებული მიზნების შესრულება, რაც უკრაინას რეალური, სრულფასოვანი ევროპული მომავლის მიღწევაში დაეხმარება. ევროკავშირთან ურთიერთობებს განვიხილავთ, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ აუცილებელ გარანტიას თითოეული ჩვენგანისთვის – უკრაინისა და ყველა უკრაინელისთვის. ეს აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი