თენგიზ ცერცვაძე იმ პირებს პასუხობს, რომლებიც საქართველოში კოვიდ-19-ის მართვის პროცესს აკრიტიკებენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან დისკრედიტაციაზე ისაუბრა, რომელშიც მისი კოლეგების გარკვეულ ჯგუფს ადანაშაულებს. „სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული კოვიდ-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც კოვიდ-19-ის კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელისა და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს„ – წერს თენგის ცერცვაძე.