1953 წელს დაწყებული ისტორია სხვა სივრცეში გაგრძელდება – თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა აქვს.
საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი და თანამედროვე აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ნაგებობა დიღომში მდებარეობს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი თენგიზ ცერცვაძის სახელობის იქნება. ცნობილი იმუნოლოგი, რომელიც ინფექციურ კლინიკას 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ახალი შენობის დაგეგმვა-მშენებლობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული, სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და ახალი შენობის გახსნას ვერ მოესწრო. 11-სართულიანი და 83 საწოლზე გათვლილი შენობა პაციენტთა მომსახურების და დიაგნოსტირება-მკურნალობის მხრივ უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. წლების განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს მძიმე პირობებში უწევდა პაციენტების მიღება და ფუნქციონირება. ყაზბეგის გამზირზე მდებარე სტრატეგიული ობიექტი 2009 წლიდან ცენტრს აღარ ეკუთვნოდა და იქ დროებით იყო განთავსებული.