ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე, საინიციატივო ჯგუფმა, „თავისუფლების ქარხნის“ იდეა წარადგინა. სივრცე უმასპინძლებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, განსხვავებული აზრის პატივისცემა და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება. იდეის ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას თქმით, შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო აუდიტორიები, ჩატარდება ლექციები. გარდა ამისა, „თავისუფლების ქარხნის“ ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები და სახელოსნოები.