მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა სლოვაკეთის პრემიერისკენ არის მიმართული.
რობერტ ფიცოს ესროლეს. მთავრობის მეთაური სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა პრემიერ-მინისტრი გასვლითი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლს ტოვებდა და შენობასთან მყოფ მოქალაქეებს ესალმებოდა. თავდამსხმელი დაკავებულია. ის 71 წლის მამაკაცია, რომელიც, მედიის ინფორმაციით, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 60 წლის ფიცო სლოვაკეთის პრემიერის პოსტს 2023 წლის ოქტომბრიდან მესამედ იკავებს. ის კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდა. რობერტო ფიცოს სლოვაკეთის ვეტერანი პოლიტიკოსია – ის პოლიტიკაში 1986 წლიდან არის ჩართული.