თავდაცვის მინისტრი უწყებიდან თანამშრომლების უსაფუძვლო გათავისუფლებას გამორიცხავს

თავდაცვის მინისტრი უწყებიდან თანამშრომლების უსაფუძვლო გათავისუფლებას გამორიცხავს. ლევან იზორია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მომავალშიც გეგმავს, თუმცა მიიჩნევს, რომ სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.

ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისთვის 652 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწია. ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2012-17 წლებში სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ ამ მიმართულებით სასამართლოში 382 სარჩელი შევიდა, 153 საქმის განხილვა უკვე დასრულდა და 83 სარჩელი დაკმაყოფილდა.

უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება ხუთ სამინისტროს და ოთხ თვითმმართველ ქალაქს დაეკისრა.

საია უწყებებს და თვითმმართველ ქალაქებს საჯარო მოხელის გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.