საია - ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ სასამართლოში 382 სარჩელი შევიდა
საია - ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ სასამართლოში 382 სარჩელი შევიდა

„საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ” – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საკითხზე 2012-2017 წლების კვლევას აქვეყნებს.

კვლევა თავად უწყებების მიერ მიწოდებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა, კვლევის მიხედვით, 5 წლის მანძილზე სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სასამართლოში 382 სარჩელი შევიდა.

153 საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მათგან სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 83 სარჩელი, არ დაკმაყოფილდა 61, მორიგებით დასრულდა 4, წარმოება შეწყდა 40 საქმეზე, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 19 საქმე.

როგორც საია-ში განაცხადეს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოთხ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტორს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 16 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია – 8, თბილისის მერია – 6, თბილისის საკრებულო – 5, ფოთის მერია – 5, რუსთავის მერია – 1) დაევალა 25 საჯარო მოხელის აღდგენა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა 15 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური – სულ 189 404 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისთვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

კვლევის საფუძველზე, საია-მ რეკომენდაციები წარმოადგინა.

„ საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რათა შემცირდეს სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილებების ოდენობა და საჯარო დაწესებულებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები;

საჯარო დაწესებულებებმა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;

სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებისას, საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ;

საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებიაგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისთვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა“,- აღნიშნულია საია-ს კვლევაში.