ვინ დაუჭირა და ვინ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ მაგნიტსკის სიას, რომელსაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის ეპიზოდებიც დაემატა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ბრალდებას უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი პასუხობს.
დეპუტატისთვის გაუგებარია, რაზე საუბრობს მისი კოლეგა საპარლამენტო უმცირესობიდან, ვინაიდან, როგორც ჩუგოშვილი ამბობს, მიღებულ სიაში შეთავაზებული ცვლილება ერთობლივად იყო ინიცირებული.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის არც ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. თამარ ჩუგოშვილის მიერ გავრცელებული მასალით კი კენჭისყრაში კონკრეტულად ჩუგოშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს და ის ცვლილებებს მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა.