სერგი კაპანაძის განცხადება - შეფასებები

სერგი კაპანაძეს განმარტებების გაკეთება უწევს. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერს: „არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი“, – მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტა, რომ დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებაში ცხინვალის სამხედრო ობიექტები იგულისხმა და არა მშვიდობიანი მოსახლეობა. თუმცა, მისი თავდაპირველი პოსტი იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეაფასა იმ რუსული ნარატივის გაგრძელებად, რომლის დამტკიცებას მოსკოვი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წლების განმავლობაში ცდილობდა და რომელიც ქართულმა მხარემ მყარი მტკიცებულებებით გააქარწყლა.