სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე.
2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგმა გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას მიმართ ჩატარებული სასამართლო პროცესები სამართლიანად მიიჩნია და დაადასტურა, რომ სროლა სპეცოპერაციის დროს მოკლული ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მხრიდან არ ყოფილა პროვოცირებული. კრიმინალური პოლიციის დირექტორის ყოფილი მოადგილე და სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე საქართველოში გამოტანილ განაჩენს და ცალკეულ მოწმეთა ჩვენებებს აპროტესტებდნენ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თავიდან დაწყებული გამოძიების შედეგად ორივე ექს-მაღალჩინოსანი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. 17 წლის წინანდელ სპეცოპერაციას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეიარაღებულ თავდამსხმელების მიერ დაგეგმილი დანაშაულის აღკვეთით ახსნა, ორი ახალგაზრდის – ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების დროს რეზონანსულ საქმეზე არავინ დასჯილა.