საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - მეოთხე სარჩელი სტრასბურგში

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ დადებითი პასუხი სტრასბურგიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მომზადებული კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის არსებით განხილვას იწყებს. 2018 წელს გაგზავნილი საჩივარი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო. დაკავებები, მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა – საქმე ეხება 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განგრძობად ოკუპაციას და საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტებს, რაზეც ქართული მხარე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, აკისრებს. საჩივარში მოხვდა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებიც, რომლებსაც ევროპული სასამართლო დამოუკიდებლად განიხილავს. საჩივარში მოყვანილი უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც ქართული მხარე ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევად მიიჩნევს, კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული.