ბათუმში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა გრძელდება. ძლიერი ქარის შედეგად გუშინ მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები და სადენები, საგზაო ნიშნები და მრავალწლოვანი ხეები დაზიანდა. სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩატარდა წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავების ღონისძიებები. ასევე მიმდინარეობს წაქცეული საგზაო ნიშნების საყრდენი ბოძების აღდგენითი სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და მომზადება გადახურვითი სამუშაოების დასაწყებად.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები. აჭარაში სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა გუშინ საღამოსვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება ყველა ქალაქს და მუნიციპალურ ცენტრს. სოფლების მცირე ნაწილში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ, ამ დრომდე მუშაობენ კომპანიის წარმომადგენლები. აბონენტების ენერგომომარაგება დღის განმავლობაში სრულად უნდა აღდგეს.