ძლიერ ქარს ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ის აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანას ხე დაეცა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა.
ქარმა პრობლემები შექმნა ჩაქვშიც. ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი. 68 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმში კი ძლიერი ქარის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ძლიერმა ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში წაქცეულია ხეები, სტადიონის ირგვლივ აყირავებულია პარკინგის გამყოფი ჯებირები.