ექვსი თვის წინ ცალკე გამოყოფილი საგამოძიებო უწყება საზოგადოებას ანგარიშს აბარებს.
საუბარია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შემდეგ მარტიდან დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა. უწყება სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ადამიანის უფლებების, ასევე საარჩევნო დარღვევის ფაქტებს იძიებს. ირკვევა, რომ ექვს თვეში 246 საქმე გახდა გამოძიების საგანი, პასუხისგებაში კი 34 მოხელე მიეცა, მათ შორის 16 სამართალდამცველია. უწყების ხელმძღვანელმა დღეს გამოწვევებზეც ისაუბრა – კოკა კაციტაძემ ის პრობლემები დაასახელა, რომლებიც გამოძიებას სწრაფად წარმართვაში ხელს უშლის.