კობალაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე უკვე ორ საათზე მეტია ფინანსურ პოლიციაში იმყოფება.

საგამოძიებო უწყება კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების, შესაძლო მითვისების ფაქტს იძიებს. მის დაბარებას საგამოძიებო უწყებაში სწორედ ავტორ-შემსრულებელთა ერთობლივი განცხადება დაედო საფუძვლად. კობალაძემ გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისმა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ კი თანხების გაფლანგვა ან მითვისება უარყო და თქვა, რომ ავტორ-შემსრულებლებისთვის ჰონორარის სახით, საჭიროზე მეტიც კი არის გადახდილი. ორი დღის წინ, გამოძიებამ ასოციაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და გარკვეული სახის დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.