სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ნიშნები ჩნდება.
30 წლის შემდეგ პირველად, სომხეთის პირველი დიპლომატი თურქეთში ჩავიდა. დიპლომატიური ურთერთობის არ არსებობის პირობებში ორ ქვეყანას შორის ყინულის დნობის დაწყება დამანგრეველი მიწისძვრის უმძიმეს შედეგებს უკავშირდება. ოფიციალურმა ანკარამ ერევნიდან დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღო. ვიზიტის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ურთიერთობის დათბობის და ურთიერთობის აღდგენის არაერთი გზავნილიც გაისმა. გაჩნდა საზღვრის გახსნის პერსპექტივაც, რისი ნიშნებიც ჯერ კიდევ 2021 წლიდან გამოიკვეთა.
ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ამოწყვეტის გენოციდად აღიარების თემა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მიმართ თურქეთის დახმარება ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წლებია, დაძაბულია.