ყაზახეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ქვეყანაში სამშვიდობოებს გააგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, აღნიშნულია: „ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების, მათ შორის გარე ჩარევის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები, ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“.