მოსავლის აღების სეზონის მოახლოების პარალელურად, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდება. განაცხადების მიღება ოქტომბერში დაიწყება და სახელმწიფო ფერმერს სხვადასხვა სამუშაოებისთვის, ასევე ტექნიკის შესაძენად და სარწყავი სისტემით სარგებლობისთვის, ჯამში, 16 სოფელში დაეხმარება. ბენეფიციარებს ხარჯების 40 პროცენტი დაუფინანსდებათ. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საიდანაც შვიდ-შვიდ მილიონს მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა დააფინანსებენ. პროგრამით სარგებლობისთვის მთავარი პირობაა – ფერმერს საკუთრებაში ჰქონდეს ან სახელმწიფოსგან იჯარით ფლობდეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.