ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში. მულახის თემის 12 სოფლის წარმომადგენლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.
შეკრებილები გზის გახსნას არ აპირებენ და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები – გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები და მესტიის მერი შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებული აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად მულახის თემში გაემგზავრა. ჯერჯერობით გზა ისევ გადაკეტილია, რის გამოც ათეულობით ტურისტი და მგზავრი გადაადგილებას ვერ ახერხებს.