შსს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგებს ასაჯაროებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბოლო ორი დღის განმავლობაში, განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და შედეგებს ასაჯაროებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 69 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 37 პირი. კიდევ 4 კი სხვადასხვა დანაშაულისთვის.
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, 33 ხელყუმბარა, 12კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 36 330 პირი გადამოწმდა, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.
საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა, სადაც საუბარია ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქისთვის კანონის მიერ მინიჭებულ უფლებებზე.
სახალხო დამცველი ასევე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ ისარგებლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზებით.