გიორგი გახარია - საპოლიციო დანაყოფებისთვის სოციალური პაკეტები გაიზრდება
გიორგი გახარია - საპოლიციო დანაყოფებისთვის სოციალური პაკეტები გაიზრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანია უწყების ეფექტურობის გაზრდა და ამ ოპტიმიზაციის, მათ შორის საკადრო ოპტიმიზაციის, ძირითადი აქცენტები მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების გადატანა საპოლიციო დანაყოფებზე ხდება.

როგორც გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ოპტიმიზაციის პროცესი მთლიანად უწყებაში აქტიურად მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას თქმით,  ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ერთმნიშვნელოვნად საპოლიციო დანაყოფები იქნება ყურადღების ცენტრში და შესაბამისად, მათი შრომის პირობებიც ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა სოციალური პაკეტები, წახალისების სისტემა, მათ შორის, ისევე როგორც ამ ადამიანების საკადრო განვითარებისა და ზრდის სისტემა. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და უბრალოდ ფაქტია, რომ ტექნიკური აღჭურვილობა ჩვენი პოლიციელისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ხშირად სამხრე კამერა პოლიციელს უფრო იცავს, ვიდრე მოქალაქეს. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. ამიტომ დღეს სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების გადმოტანა საპოლიციო დანაყოფებზე. შესაბამისად, საპოლიციო დანაყოფებისთვის სოციალური პაკეტები გაიზრდება და მათ სოციალურ უზრუნველყოფას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.