გიორგი გახარია - თუ დაგვანახებთ ზღვარს ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შევძლებთ გავაგრძელოთ საუბარი
გიორგი გახარია - თუ დაგვანახებთ ზღვარს ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შევძლებთ გავაგრძელოთ საუბარი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია კომპლექსური საკითხია და ამაზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ შემჭიდროებული ვადები ჰქონდა.

როგორც გახარიამ პარლამენტში განაცხადა, ბევრი ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით, რომელიც მარიხუანას შეეხო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ სადაც ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, პროგრესის მიღწევის დიდი შანსია.

„რა თქმა უნდა, როდესაც შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა ძალზედ დიდი ხნით ხდება, ჩნდება გარკვეული სივრცე მოლაპარაკებისთვის, ისევე როგორც ნარკომანიის მომხმარებლის შემოწმების ფორმებზე, რომელიც უბრალოდ არაადეკვატურია. დღეის მდგომარეობით, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ეს საკითხი მარტივად გადაწყვეტადია“,- განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმპლემენტაციის პერიოდში მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტების გაკეთება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

„რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, რითიც შესაძლებელია ზღვარის გავლება მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას ვილაპარაკოთ მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე და თუ აქ არ გაევლო მკაფიო ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შეუძლებელი იქნება სრულ დეკრიმინალიზაციაზე საუბრის გაგრძელება.