შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ცვლილებები პირადად გააცნეს.