მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმა

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. პაქტი ითვალისწინებს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის დაჩქარებას და ევროკავშირში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას. გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრანტების განაწილება ე.წ. სოლიდარობის მექანიზმით. წინასწარმა შეთანხმებამ ახლა კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს, შემდეგ კი, საჭიროა მისი ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ საბოლოოდ დამტკიცება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიგრაციულ პაქტზე შეთანხმების მიღწევას ნამდვილად ისტორიული დღე უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ახალი პაქტი არ არის იდეალური და ზოგიერთი რთული საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.