შინდისის მოსახლეობას დღეიდან სასმელი წყალი მიეწოდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ დასახლებაში მოსახლეობა წყალს ავზებით ეზიდებოდა, ამჯერად კი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება შინდისელებს დედაქალაქის მერმა პირადად მიულოცა.
კახა კალაძემ წყლის სათავო ნაგებობაც დაათვალიერა და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა. წყლის პრობლემის მოგვარება ქალაქის მთავრობამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.