ჰააგაში მიმდინარე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. ეტლით, 100 მეტრიან რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. „ლენდროვერ ჩელენჯში“ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა.